დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 13 ივლისი
მანეს “რეალში” გადასვლას ურჩევენ
სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საე სეკმა, პრესასთან საუბრისას საჯაროდ განაცხადა, რომ სადიო მანეს კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელებას ურჩევს.
“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სადიო მანე მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მან “ლივერპულთან” ერთად ბევრი რამ მოიგო და ახლა “რეალში” გადასვლის შანსი აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს,” – ვციტირებთ პრეზიდენტის სიტყვებს.
კოუტინიოს აგენტი აღშფოთებულია
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპე კოუტინიოს აგენტი “ბარსელონას” ქმედებებით აღშფოთებულია. ის ეჭვობს, რომ კატალონიელები კოუტინიოს ნეიმარის ტრანსფერში ჩართვას გეგმავენ.
“მათგან სიმართლეს მოვითხოვთ. კლუბს ამის გაკეთების უფლებას არ მივცემთ, რადგან უკვე გვამცნეს, რომ ფილი რჩება,” – ვციტირებთ კოუტინიოს აგენტის სიტყვებს.
“მანჩესტერი” პოგბას აგენტმა გააბრაზა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა განრისხებულია პოლ პოგბასა და მისი აგენტის, მინო რაიოლას, ქმედებებით – ისინი საჯაროდ საუბრობენ “ოლდ ტრაფორდის” დატოვების სურვილზე კლუბთან შეუთანხმებლად.
სწორედ ამიტომ, “წითელმა ეშმაკუნებმა” პოლ პოგბას გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევრომდე ასწიეს. შეგახსენებთ, რომ პოგბასთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშ “იუვე” და მისი გადაბირების ერთადერთი რეალური კანდიდატი მადრიდის “რეალია”.
“ვესტ ჰემს” იგუაინის ტრანსფერი სურს
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ვესტ ჰემის” ხელმძღვნელებისთვის მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გონსალო იგუაინის გადაბირება პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი “იუვენტუსმა” გასულ სეზონში “მილანსა” და “ჩელსიში” გაანათხოვრა. იგუაინი არც მაურიციო სარის სამომავლო გეგმებში შედის.
“არსენალი” რუბენ დიაშის ვარიანტს დაუბრუნდა
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა “ბენფიკას” მცველის, რუბენ დიაშის, მიმართ ინტერესი განაახლეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემა Daily Mail ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, 22 წლის რუბენ დიაშს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 60 მილიონ ევროს შეადგენს, “მეთოფეები” ლორან კოშელნის შემცვლელად განიხილავენ.