კოუტინიოს აგენტი “ბარსელონას” მალულ ქმედებებში ადანაშაულებს
კატალონიური “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ფილიპე კოუტინიოს, აგენტი კია იორაბჩიანი საჯაროდ გამოხატავს აღშფოთებას “ბლაუგრანას” ბოლოდროინდელი ქმედებების გამო.
“ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელის აგენტი ეჭვობს, რომ კლუბი მათთვის მალულად აპირებს ნეიმარის ტრანსფერში კოუტინიოს ჩართვას. თავად კოუტინიოს კი “კამპ ნოუზე” დარჩენა და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სურს.
“ხალხს ფილიპეზე საუბრის უფლებას არ მივცემ. წელიწადნახევარია, რაც ჩუმად ვართ. ჩვენ არ ვაპირებთ მსგავსი რამ დავუშვათ, კლუბმა გვითხრა, რომ ის რჩება. ეს არ უნდა შეიცვალოს.
კლუბის პრეზიდენტმა [ბართომეუ] საკმაოდ გარკვევით განგვიცხადა, რომ კლუბს ფეხბურთელის გაყიდვის არანაირი სურვილი არ გააჩნია. ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას და კოუტინიოს ტრანსფერი არცერთი კლუბისთვის არ შეგვითავაზებია.
ფაქტია, რომ ანდრეს [“ბარსელონას” სამხრეთ ამერიკული ტრანსფერების განმკარგველი] სულ სხვა გეგმები აქვს. ჩვენ მათ გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, ისინი კი სიტყვას ტეხენ,” – აცხადებს კოუტინიოს აგენტი.