ზორან ზეკიჩი “საბურთალოსთან” მატჩამდე: “ფეხბურთში ყველაფერი ხდება”
თბილისის “საბურთალოსა” და ტირასპოლის “შერიფს” შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასამართ განმეორებით მატჩამდე მოლდოვური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ზორან ზეკიჩმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.
“პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის (0-3) შემდეგ, ძალიან რთულია პოზიტიურად განვეწყოთ “საბურთალოსთან” გასამართ განმეორებითი მატჩისთვის. სულ რაღაც 1-2 თვეა, რაც შევიკრიბეთ და ამიტომაც აქვს ადგილი შეთამაშების პრობლემას.
ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ პირველ შეხვედრაში “საბურთალო” შესაფერისად ვერ შევაფასეთ. ჩვენ ვიცოდით, რა ძალას წარმოადგენდა მეტოქე და შესაბამისადაც ვემზადებოდით. ჩვენ ის შეხვედრა საფეხბურთო კომპონენტებში დავთმეთ.
ფეხბურთში ყველაფერი ხდება. პირველი შეხვედრიდან გამომდინარე დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ასე მოუმზადებლად თამაში, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ეს გაკვეთილი უარეს შემთხვევაში, ევროპა ლიგაზე მაინც უნდა გამოვიყენოთ.
რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელებს, პრობლემები რამდენიმე ფეხბურთელს აქვს. თუმცა ბოლო ვარჯიშიდან გამომდინარე გავაკეთებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით,” – ვციტირებთ ზორან ზეკიჩის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა სტარტს 16 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა კი საქართველოს ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა (0:3).