კასილასის ახალი როლი “პორტუში”
“პორტუს” მეკარე, იკერ კასილასი ამიერიდან კლუბში ერთ-ერთი დირექტორის პოზიციაზე იმუშავებს.
როგორც იცით, 38 წლის ფეხბურთელს, მაისში, გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე გულის შეტევა დაემართა, რის გამოც საავადმყოფოში ხუთი დღე გაატარა. იკერი ახლაც გამოჯანმრთელების პროცესშია და მას ჯერ ექიმები თამაშის ნებას არ რთავენ.
“პორტუში” კასილასის ახალი საქმიანობა ის იქნება, რომ მან ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის კარგი ურთიერთკავშირი შექმნას.
“ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ თანაგუნდელებს დავეხმარო. მწვრთნელს ვესაუბრე, მას სურს, რომ კლუბში დავრჩე და ფეხბურთელებთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან ახლოს ვიყო. იმედი მაქვს, კარგი სეზონი გვექნება და ერთად ჩემპიონატის და თასის მოგებას შევძლებთ, ევროტურნირზე კი ბოლომდე დავიხარჯებით”, – უთხრა კასილასმა Porto Canal-ს.