სოსო ფრუიძე: “ფოლა” ის გუნდი არ არის, რომელსაც ჩვენი გამოგდება შეუძლია”
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ, “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.
“მოწინააღმდეგე გუნდისგან არც შემადგენლობაში და არც ტაქტიკური მხრივ დიდ სიურპრიზებს არ ველოდებით. ვფიქრობ, მეტოქე ისეთივე თამაშს დაგვიპირისპირებს, როგორც ლუქსემბურგში.
ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი და სრულად ვართ კონცენტრირებულები. ხვალინდელი დაპირისპირება არა მარტო ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი.
მიკროტრავმები ჩვენ მუდამ თან გვდევდა, თუმცა, საბედნიეროდ, დღეისათვის ამ კუთხით დიდი პრობლემა არ გაგვაჩნია. ვარჯიში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ვცდილობთ წინა მატჩისგან დასკვნები გამოვიტანოთ.
რა თქმა უნდა, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, ვთვლი, რომ “ფოლა” ის გუნდი არ არის, რომელსაც ჩვენი გამოგდება შეუძლია.
მეტოქე გუნდს უკვე შესწავლილი აქვს ჩვენი თამაში და ვფიქრობ, მეორე ნომრად დააპირებენ თამაშს. ჩვენი ფეხბურთელები უფრო სწრაფები არიან და ჩვენთვისვე იქნება უკეთესი, თუ ზემოთ ამოიწევიან.
და ბოლოს, მინდა ყველა ქართულ კლუბს წარმატებები ვუსურვო ევროსარბიელზე და მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც ლუქსემბურგში გვამხნევებდა. ფეხბურთი ფანების გარეშე ყოელგვარ ეშხს კარგავს, ” – აცხადებს სოსო ფრუიძე.
შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგულ და ქართულ კლუბებს შორის შემდგარი პირველი დაპირისპირება საჩხერის “ჩიხურას” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1-2.