“საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს!
16 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის “საბურთალო” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტირასპოლის “შერიფს” დაუპირისპირდა.
თბილისურ გუნდს მოლდოვაში 3:0 ჰქონდა მოგებული და ცოტა თუ იფიქრებდა იმას, რომ “შერიფი” თბილისში პრობლემებს შეგვიქმნიდა. თუმცა, მატჩის დაწყებიდან ათ წუთში “შერიფი” უკვე სამბურთიანი უპირატესობით იგებდა, ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში თანაბარი (3:3) გახდა. “საბურთალო” თბილისში 1:3 დამარცხდა, თუმცა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
მე-3 წუთზე ანგარიში ლატიფიმ გახსნა, მე-8 წუთზე საბურთალოელთა კაპიტანმა, გაგი მარგველაშვილმა ავტოგოლი გაიტანა, მე-10 წუთზე კი ტამბემ საკუთარი გუნდის უპირატესობა სამამდე გაზარდა. მეორე ნახევარში “საბურთალო” უკეთ ათამაშდა. 59-ე წუთზე ლუკა ლაკვეხლიანმა საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, როლოვიჩმა კი გოლი გაიტანა და ანგარიში 1:3 გახადა.
72-ე წუთზე “შერიფის” მცველმა პალჩიჩმა წითელი ბარათი მიიღო. გოლის გატანის შანსი ჰქონდა გიორგი გაბედავას, რომლის თავურის შემდეგ ბურთი სტუმართა კარს მცირედით ასცდა. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არბიტრმა მოლდოველთა საჯარიმოში ხელით თამაში ორჯერ არ დააფიქსირა, ორივე შემთხვევაში პენალტის დანიშვნა თავისუფლად შეიძლებოდა. რამდენჯერმე “შერიფსაც” ჰქონდა გოლის გატანის მცდელობა. 93-ე წუთზე გეგა დიასამიძემ ხელიდან 100-პროცენტიანი საგოლე მომენტი გაუშვა. ორი მატჩის ჯამში “საბურთალომ” 4:3 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ზაგრების “დინამო” იქნება.