ზორან ზეკიჩი: “მატჩის დასრულების შემდეგ კოხრეიძესთან მივედი და ვუთხარი, რომ…”
16 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა თბილისის “საბურთალოსა” და ტირასპოლის “შერიფს” შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით (1-3) დასრულდა. თუმცა, ორმატჩიანი დუელის ჯამში გამარჯვება საქართველოს ჩემპიონს ერგო (4-3).
მატჩის დასრულების შემდეგ, “შერიფის” მთავარმა მწვრთნელმა, ზორან ზეკიჩმა პრესკონფერენცია გამართა.
“მინდა “საბურთალოს” მადლობა გადავუხადო მასპინძლობისთვის და მივულოცო ჩვენი ბარიერის გადალახვა. ამავდროულად მინდა ჩემ გუნდსაც მივულოცო ასეთი თამაში. პირველ შეხვედრაში ამის 50 პროცენტი მაინც რომ გვეთამაშა, დღეს უფრო ბედნიერები ვიქნებოდით.
მინდა აღვნიშნო, რომ მეტოქე გუნდის მეათე ნომერი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ ხისტად თამაში ჩემი დავალება არ ყოფილა. უბრალდო ჩემი ფეხბურთელები მისი სისწრაფის წინააღმდეგ ვერაფერს ხდებოდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს კოხრეიძე თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს.
პირველი თამაშიდან გამომდინარე, ვფიქრობ, “საბურთალო” უფრო მოდუნებული იყო, თვლიდნენ, რომ არც თუ ისე ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ, თუმცა დღეს გაცილებით უფრო კარგი და დალაგებული თამაში ვაჩვენეთ.
ჩემ ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიუღებელია ერთი და იმავე შეცდომების დაშვება. ფაქტია, რომ “საბურთალო” სათანადოდ ვერ შევაფასეთ, არ გვეგონა, რომ ეს გუნდი ასეთი დონის ფეხბურთს თამაშობდა.
რასაკვირველია, მსგავსი შედეგი მწვრთნელის შეცდომა და პასუხისმგებლობაა. სამჯერ ვნახეთ “საბურთალოს” თამაში, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთ დონეზე თამაშობდნენ.
შეხვედრის ბოლოს კოხრეიძესთან მივედი და ვუთხარი, რომ სამწუხარო იყო, სხვა მხარეს რომ თამაშობდა და დიდი სიამოვნება მივიღე მისი თამაშით. მთავარია ასე გააგრძელოს,” – ვციტირებთ ზეკიჩის სიტყვებს.