კახა ჩხეტიანი: “მჯერა, რომ ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ გამარჯვებისთვის”
18 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა შედგება ქუთაისის “ტორპედოსა” და ყაზახურ “ორდაბასს” შორის. მატჩის წინ “ქუთათურთა” მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა, პრესკონფერენცია გამართა.
“ყაზახეთიდან ჩამოსვლის დღიდან ვემზადებით განმეორებითი შეხვედრისთვის. “ორდაბასთან” განცდილი მარცხი სათანადოდ გავაანალიზეთ და იმედიი გვაქვს, რომ ერთად დგომით საწადელს მივაღწევთ.
ჩვენი გუნდის თითოეულ ფეხბურთელს გათავისებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი მაქსიმუმს გაიღებენ გამარჯვებისათვის. ფაქტია, რომ ფეხბურთი ორ კვირაში არ ისწავლება. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გუნდი მაქსიმალურად შეგვეკრა.
“ორდაბასს” საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. განვლილი თამაშებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტრ-შეტევებზე ძალიან კარგად თამაშობენ. ამასთან ერთად, ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი სწორედ მათ აქვთ გაშვებული. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის კახა ცხადაძეს. მინდა მას ხვალინდელი თამაშის შემდეგ წარმატებები ვუსურვო.
წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გუნდთან ერთად ემზადება გრიგოლ დოლიძე. დღევანდელ ვარჯიშზე გამოჩნდება, შეძლებს თუ არა 90 წუთის მანძილზე გუნდის დახმარება. მას ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება.
მინდა ქუთაისის “ტორპედოს” თითოეულ გულშემატკივარს ვუთხრა, რომ ყოველი ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, თქვენი დამსახურებაა. იმედი მაქვს, მოედანზე ბევრი ქართველი შეიკრიბება,” – აცხადებს “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში გამართულ პირველ შეხვედრაში “ორდაბასი” ტოტალურ უპირატესობას ფლობდა, რისი გარდასახვაც მხოლოდ ერთ გოლში შეძლო.