სოსო ფრუიძე: “ასეთ შეცდომებს არცერთი ნორმალური დონის გუნდი არ გვაპატიებდა”
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” “დინამო არენაზე” ლუქსემბურგული “ფოლა” დაამარცხა (2-1) და საბოლოო ჯამში შემდეგ ეტაპზე სწორედ სოსო ფრუიძეს მიერ გაწვრთნილი გუნდი გავიდა (4-2 ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში).
“როგორც გუშინ აღვნიშნე, “ფოლას” არ გააჩნია იმის რესურსი, რომ პირველ გუნდად ეთამაშა. გოლის გაშვების შემდეგაც კი მეორე ნომრად ამჯობინებდნენ თამაშს, კონტრ-შეტევების ხარჯზე.
ბედნიერები ვართ მომდევნო ეტაპზე გასვლით. თუმცა, ფაქტია, რომ მეორე ეტაპზე გაცილებით უფრო ძლიერ გუნდთან გვექნება საქმე და დიდი გარჯა დაგვჭირდება, რათა ტოლსწორად ვეთამაშოთ მათ. ასეთ შეცდომებს ნორმალური დონის გუნდი არ გვაპატიებდა.
გულწრფელად გითხრათ, ჩვენ გუნდში არის რამდენიმე სუსტი წერტილი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ გარკვეული პოზიციები ტრანსფერების ხარჯზე გავაძლიეროთ.
დასამალი არ არის, რომ “ჩიხურას” საჭირო ფეხბურთელების დამატება არ შეუძლიათ. ისიც არის, რომ არცერთ უცხოელ ფეხბურთელს არ სურს ჩვენთან თამაში და თუ ითამაშებენ, ეს მხოლოდ დიდი ხელფასის ხარჯზე მოხდება. მე კი ნამდვილად არ მსურს ასეთ ფეხბურთელებთან თანამშრომლობა.
რაც შეეხება ჩვენ შესაძლო მეტოქეებს, არ გამოვრიცხავ, რომ დღესვე გავფრინდე “აბერდინისა” და “როვანიემის” თამაშის სანახავად,” – ვციტირებთ სოსო ფრუიძეს სიტყვებს.