გიორგი კოხრეიძე: “თუ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი, დარწმუნებული ვარ მოვიგებთ”
გიორგი კოხრეიძემ, რომელმაც “შერიფთან” ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ტირასპოლშიც და თბილისშიც ყვითელი ბარათები მიიღო. სხვადასხვა საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოხრეიძე მოახლოებულ მატჩს ზაგრების “დინამოსთან” დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა, თუმცა არასწორი ინფორმაციაა – ფეხბურთელი ჩვეულებრივად ემზადება “დინამოსთან” მატჩისთვის და თუ მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ, ითამაშებს კიდევაც. გიორგის რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
– გიორგი, შეაფასეთ ტირასპოლის “შერიფთან” მატჩები?
– პირველ შეხვედრაში ჩვენ უფრო მოტივირებულები და მონდომებულები გავედით მინდორზე, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. როგორც ჩანს, მეტოქემ არ დაგვაფასა სათანადოდ.
თბილისურ შეხვედრაში სულ სხვა “შერიფი” ვიხილეთ, მეტოქემ თავისი ძალა დაგვანახა. მიუხედავად იმისა, რომ 0:3 ვაგებდით, გამოვნახეთ ძალები და მატჩის ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დასრულება მოვახერხეთ. ძალიან რთული, დაძაბული და საინტერესო მატჩი იყო, ემოციებით სავსე. მიხარია, რომ ეს ბარიერი დავძლიეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.
– როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეძლო “საბურთალომ” შემდეგ ეტაპზე გასვლა?
– უფრო მონდომებულები, მოტივირებულები ვიყავით, ვიდრე მოწინააღმდეგე. ბევრი ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ და დაგვიფასდა. ჩვენთან შედარებით “შერიფი” გამოცდილი კლუბია, მაგრამ კონკრეტულ შეხვედრაში ჩვენ უკეთესად მოვემზადეთ და დამსახურებულად გავედით მეორე ეტაპზე.
– თბილისური მატჩის დასრულების შემდეგ, “შერიფის” მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა კომპლიმენტები მოგიძღვნათ…
– სასიამოვნო იყო, გამიხარდა ძალიან.
– რამდენიმე დღეში “საბურთალოს” მორიგი გამოცდის ჩაბარება უწევს, ამჯერად მეტოქე ბევრად ძლიერია. როგორია ზაგრების “დინამოსთან” მოლოდინი?
– მომავალი მოწინააღმდეგე იმაზე ძლიერია, ვიდრე “შერიფი”. “დინამო” ისტორიული და ბევრად გამოცდილი კლუბია, სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თუ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი და მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულეთ, დარწმუნებული ვარ მოვიგებთ.
– თქვენ “საბურთალოს” აღზრდილი ხართ. გაიხსენებთ ბავშვობის დრო, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა “საბურთალოში”?
– თავიდან 1998 წლიანების მესამე გუნდში ვთამაშობდი, თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ მოვუმატებდი და დამაწინაურებდნენ. რამდენიმე წლის წინ კარგი სეზონი ჩავატარე, შემდეგ “სალერის თასზე” თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცეს. უკრაინული “დნიპროს” მატჩის დასრულების შემდეგ, პირველ გუნდში ვარჯიშის შანსი მომეცა, მას შემდეგ “საბურთალოს” მთავარი გუნდის ფეხბურთელი ვარ.
– წარმოიდგენდით, რომ “საბურთალო” ჯერ ქვეყნის ჩეპიონი გახდებოდა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპს გადალახავდა?
– პირველ ლიგაში რომ ვთამაშობდით, ისე მიდიოდა საქმე, ვგრძნობდი, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდოდით. “საბურთალოში” ამბიციური და კვალიფიციური ხალხი მუშაობს. მჯეროდა, რომ ქვეყნის ჩემპიონები გავხდებოდით, თუმცა რამდენიმე წლის მერე. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ვითამაშებ, კარგი იქნება თუ “საბურთალოს” შემადგენლობაში იქნება.