მაგალითი “საბურთალოს” მალტელებისგან: როგორ დავამარცხოთ ფავორიტი ხორვატიიდან?
თბილისის “საბურთალოსა” და ზაგრების “დინამოს” მატჩი თითქმის კარს მოგვადგა. საინტერესოა, რომ ზემოთ აღნიშნულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მალტურმა კლუბმა “გზირამ” შესანიშნავი მაგალითი გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება სწორი ფეხბურთით ფავორიტი ხორვატული კლუბის დამარცხება.
სანამ უშუალოდ შეხვედრაზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ “გზირა იუნაიტედი” ერთი პატარა ზღვისპირული კლუბია, რომელიც აქამდე მხოლოდ მალტის თასის მოგებით თუ დაიკვეხნიდა. Transfermarkt ამ კლუბის საბაზრო ღირებულებას 2.5 მილიონ ევროდ აფასებს (“საბურთალოს” – 6 მილიონ ევროდ).
“გზირამ” მალტის ჩემპიონატის გასული სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. თუმცა, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი შეხედვით “გზირას” არ გაუმართლა – მეტოქედ საკმაოდ მრისხანე სპლიტის “ჰაიდუკი” შეხვდა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 20 მილიონად აქვს შეფასებული იგივე კომპანიას.
გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება მალტაში შედგა. “გზირამ” საშინაო მატჩში დიდი ვერაფერი გააწყო და 0-2 დათმო. სამაგიეროდ, მალტელებმა ხორვატიაში არ დაიშურეს ძალები და ათჯერ უფრო ძვირადღირებული მეტოქე 1-3 დაამარცხეს ბრწყინვალე და გამართული ფეხბურთის წყალობით. შედეგად – მომდევნო ეტაპის საგზური მალტელებმა მოიპოვეს.
ასე რომ, კიდევ ერთხელ მტკიცდება ის ფაქტი, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ მალტის მესამეადგილოსან კლუბს შეუძლია სპლიტის “ჰაიდუკის” გაგდება, რატომ ვერ უნდა შეძლოს საქართველოს ჩემპიონმა ზაგრების “დინამოს” ბარიერის გადალახვა? ამისთვის კი, პირველ რიგში, 23 ივლისს მიხეილ მესხის სტადიონზე ანშლაგის მოწყობაა საჭირო! #მოდისტადიონზე