დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 19 ივლისი
სამი ფეხბურთელი პოგბას სანაცვლოდ
Goal.Com-ის ცნობით, “იუვენტუსი” მზადაა პოგბას სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” სამი ფეხბურთელი შესთავაზოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელები ტრანსფერში ჟოაო კანსელოს, დუგლას კოშტასა და ბლეზ მატუიდის ჩართვას აპირებენ.
დეულოფეუ “უოტფორდში” ბედნიერია
ესპანელი შემტევი, ჟერარ დეულოფეუ ბოლო დროს “მილანს” არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა ის აცხადებს, რომ “უოტფორდში” თავს კომფორტულად გრძნობს.
“აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. პირველ სეზონში მცირე ჩავარდნა მქონდა, მაგრამ ადაპტაცია გავიარე. ვგრძნობ, რომ კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა შემიძლია”, – ციტირებს დეულოფეუს სიტყვებს Goal.Com.
“მანჩესტერ იუნაიტედი” დიბალას შეძენას ცდილობს
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” “იუვენტუსს” პაულო დიბალას თაობაზე დაუკავშირდა. მანჩესტერულ კლუბს არგენტინელი შემტევის შეძენა სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსი” დიბალას სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს მოითხოვს.
“რომა” ალდერვეირელდის ტრანსფერში ზანიოლოს ან ფლორენცის ჩართვას გეგმავს
იტალიური მედიის ცნობით, “რომა” “ტოტენჰემის” მცველის, ტობი ალდერვეირელდის ტრანსფერში ნიკოლო ზანიოლოს ან ალესანდრო ფლორენცის ჩართვას გეგმავს.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. რომაელებს მანოლასის შემცვლელის შეძენა სურთ.
ერიქსენი “ატლეტიკოში”?
“მარკას” ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის “ატლეტიკო” “ტოტენჰემის” ერთ-ერთი ლიდერის, კრისტიან ერიქსენის შეძენას შეეცდება.
ლონდონური კლუბი დანიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს.