დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 ივლისი
რუგანი ალდერვეირელდის ალტერნატივად
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დიდი შანსია “რომასა” და “ტოტენჰემს” შორის ტობი ალდერვეირელდის თაობაზე მოლაპარაკებები ჩაიშალოს.
იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ტრანსფერი არ შედგა, მაშინ რომაელები “იუვენტუსის” მცველის, დანიელე რუგანის შეძენას შეეცდებიან.
“რეალი” ბეილს უფასოდაც გაუშვებს
ESPN-ის ცნობით, მადრიდის “რეალი” თანახმა იქნება, რომ გარეტ ბეილი კლუბიდან უფასოდ გაუშვას.
როგორც იცით, “რეალს” უელსელი ფეხბურთელის გაშვება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, ის ჩინეთში ვიხილოთ.
“ბარსელონა” მესისთან მოლაპარაკებებს იწყებს
კატალონიის “ბარსელონა” მზადაა ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგძლივების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყოს.
მოქმედი ხელშეკრულება არგენტინელ სუპერვარსკვლავს კატალონიელებთან 2021 წლამდე აკავშირებს, კლუბს სურს, რომ კონტრაქტი კიდევ ორი წლით გახანგძლივდეს.
იკარდი “ნაპოლიში” გადასვლაზე თანახმაა
“ინტერის” თავდამსხმელი, მაურო იკარდი, შესაძლოა, “ნაპოლიში” ვიხილოთ. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი თავდამსხმელი ნეაპოლურ კლუბში თამაშზე თანახმაა.
როგორც ირკვევა, “ნაპოლის” წარმომადგენლებსა და იკარდის აგენტ ვანდა ნარას შორის საუბარი უკვე შედგა.
კალინიჩი “ატლეტიკოს” ტოვებს
ხორვატი თავდამსხმელი, ნიკოლა კალინიჩი “ატლეტიკოს” ტოვებს. “მარკას” ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი აშშ-ში კლუბთან ერთად არ გაემგზავრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ტრანსფერს მალე ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ კალინიჩი “ატლეტიკოში” ერთი წლის წინ, “მილანიდან” გადავიდა.