ზიდანი ბეილზე: “მასთან არ მისაუბრია, არაფერი შეცვლილა”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “არსენალთან” გამართული მატჩის შემდეგ გარეტ ბეილზე კომენტარი გააკეთა.
24 ივლისს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და ლონდონის “არსენალი” დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც მადრიდელებმა იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ 56-ე წუთზე ლონდონელთა კარში გოლი გარეტ ბეილმა გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. უელსელმა თერთმეტმეტრიანების სერიაში დარტყმაც შეასრულა, თუმცა მას ამ შემთხვევაში მეკარემ აჯობა.
“ბეილი ჩვენთან ერთადაა და ვარჯიშს აგრძელებს. არ ვიცი, რა მოხდება. მას დღეს თამაში სურდა, წინა მატჩში კი – არა. მასთან არ მისაუბრია. გარეტი ჩვეულებრივად ვარჯიშობს, ამიტომაც ითამაშა. არაფერი შეცვლილა, ყველამ იცით, რა სიტუაციაცაა”, – თქვა ზიდანმა.