პოლონეთის მესამე ლიგის მკვიდრმა “ვიძევმა” ნახევარ საათში 16 400 აბონიმენტი გაყიდა
“ვიძევი” პოლონეთის ქალაქ ლოძს წარმოადგენს. 700 000-იანი მოსახლეობის მქონე ქალაქი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არც თუ ისე ცნობადია, მისი დიდი ისტორიის მიუხედავად. თუმცა ყველაზე დაკვირვებული და კარგი მეხსიერების მქონე ფანები გაიხსენებენ, რომ სწორედ ამ კლუბიდან გადაბარგდა ზბიგნევ ბონეკი “იუვენტუსში”. თუმცა ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო.
მოვლენების განვითარებასთან ერთად, ისე მოხდა, რომ “ვიძევი” გაკოტრდა. 2015 წელს ფინანსური პრობლემების გამო “ვიძევს” ნახევრად სამოყვარულო გუნდის სტატუსიც კი მიენიჭა. სწორედ აქიდან დაიწყო დიდი გზა დაბრუნებისკენ. ასეთი პრობლემების მიუხედავად კლუბს მუდამ გვერდში ედგნენ ერთგული გულშემატკივრები. 2017 წელს ლოძში 18 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდა.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ სტადიონის მშენებლობა ჯერ კიდევ კრიზისამდე დაიწყო. აბონიმენტების ფასი კი ისეთივე გახლავთ, როგორიც პოლონეთის უმაღლესი ლიგის (ექსტრაკლასა) ბინადარი გუნდებისა – საუბარია 30-100 ევროზე. თუმცა ერთგული გულშემტაკივრები არც ამ ფასის გადახდას შეუშინდნენ მშობლიური გუნდისთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად. გარდა ამისა, ფანები სპეციალურად აგროვებენ თანხას, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ღარიბ ბავშვებს აბონიმენტები გადასცენ.
“ვიძევი” ამ ეტაპზე პოლონეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს, თუმცა რეკორდული მაჩვენებლებით ჩვენ გაოცებას არ წყვეტს – ორი წლის წინ კლუბმა 15 310 აბონიმენტი გაყიდა, ერთი წლის შემდეგ რიცხვმა 16 000-საც გადააჭარბა. წელს კი, 29 წუთიც არ იყო გასული, რომ გულშემატკივრებმა უკვე მოასწრეს 16 339 აბონიმენტების შეძენა. რა თქმა უნდა, ეს რიცხვი საბოლოო არაა და უნდა გავითვალისწინოთ, რომ VIP-ლოჟები და Skybox-ები არ იყიდება. რეკორდთან დაკავშირებით განცხადებას კლუბის ოფიციალურ გვერდზე ვაწყდებით.
ასე რომ, ეს შესანიშნავი მაგალითი უნდა იყოს ქართველი გულშემატკივრებისთვის, რომ როდესაც მშობლიიური ან საყვარელი ქართული კლუბი მთელი გულით გიყვარს, არ უნდა ელოდო, თუ როდის გამოვა კრიზისიდან ან როდის დაიწყებს მსოფლიო დონის ფეხბურთის თამაშს. ნამდვილი გულშემატკივარი არასდროს ივიწყებს თავის გუნდს.