ედენ აზარი — ახალი კლუბი, ძველი პრობლემა
მადრიდის “რეალში” ედენ აზარის ადაპტაციის პროცესი არცთუ ისე მარტივად მიმდინარეობს. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგების შემდეგ ბელგიელი ფეხბურთელი დიდად ვერ ბრწყინავს, თუმცა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელთა მთავარი პრეტენზია ეს არ გახლავთ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ აზარმა წონაში მნიშვნელოვნად მოიმატა და თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, ბელგიელი ახლა ზედმეტ შვიდ კილოგრამს ატარებს.
ლონდონის “ჩელსიში” გაგებით ეკიდებოდნენ იმ ფაქტს, რომ არდადეგებზე ედენ აზარი წონაში მატულობდა, თუმცა “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს კლუბის ახალი სახის ამგვარი ფიზიკური მდგომარეობა ძალზედ არ მოსწონს. როგორც ირკვევა, პერესი “რეალში” აზარის გადმობირების მომხრე არც ყოფილა, თუმცა ტრანსფერი ზინედინ ზიდანის დაჟინებული მოთხოვნის გამო განხორციელდა.
წინასასეზონო მატჩებისას ედენ აზარი გულშემატკივრებისა და რამდენიმე ფეხბურთელის მხრიდან დაცინვის ობიექტიც კი გახდა, თუმცა პერესმა ამ ეტაპზე დისტანცირება ამჯობინა და ზიდანს გუნდში სიტუაციის დალაგება მოსთხოვა. არც თავად ფრანგი სპეციალისტი უნდა იყოს კარგ განწყობაზე, თუნდაც გარეტ ბეილის ბუნდოვანი მომავლის გამო.