საფეხბურთო სცენარი “საბურთალომ” ვერ შეცვალა – ჩემპიონმა ზაგრების ბარიერი ვერ დაძლია
საქართველოს ჩემპიონმა თბილისის “საბურთალომ” ზაგრების “დინამოს” განმეორებით შეხვედრაშიც მე-2 ტაიმში ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა და 0-3 დამარცხდა. 2 მატჩში ჯამში – 0-5.
მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა ერთბაშად 6 ცვლილება განახორციელა და “საბურთალო” გადახალისებულ შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე. 5-3-2 ტაკტიკა აირჩია ჭიაბრიშვილმა და პირველ ნახევარში მეტოქეს მცირედით ვაჯობეთ კიდეც. განსაკუთრებით კარგად გიორგი გაბედავა გამოიყურებოდა, რომელიც რამდენჯერმე დაემუქრა ხორვატელთა კარს.
მე-2 ტაიმში “საბურთალომ” კვლავ თანაბრად დაიწყო, თუმცა შეცვლაზე შემოსული პეტკოვიჩის შესანიშნავ თამაშს კვლავ ორსიჩის გოლი მოჰყვა. 88-ე წუთზე კი სწორედ პეტკოვიჩმა დაასწრო ყველას და სხვაობა ორბურთიანი გახადა. დამატებით დროში ბოლო შეტევა დანიელ ოლმოს უზუსტესი დარტყმით და გოლით დასრულდა. “დინამომ” “საბურთალო” 0-3 დაამარცხა და 5-ვე გოლი მე-2 ტაიმში გაიტანეს. ჩვენებს ორივე მატჩში ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
შესაბამისად, “საბურთალო” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპე ინაცვლებს, სადაც სომხურ “არარატის” დაუპირისპირდება.