“დინამომ” “გაბალას” ბარიერიც წარმატებით გადალახა და “ფეიენოორდს” შეერკინება
პირველ აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ევროპის ლიგის მეორე საკვლაიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა თბილისის “დინამოსა” და “გაბალას” შორის. აზერბაიჯანში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (0:2) შემდეგ თბილისური კლუბი წყვილის უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა.
შეხვედრის საწყის წუთებში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს “გაბალა” პირველ ნომრად აპირებდა თამაშს, თუმცა დროის გასვლასთან ერთად “დინამოელებმა” თავიანთი რეალური ძალა გამოავლინეს და რამდენიმე სახიფათო შორეული გასროლაც შეასრულეს მეტოქის კარის მიმართულებით. ამასთანავე, ჩისკოს ბიჭებმა ბურთის ფლობის მხრივაც გააუმჯობესეს ხარისხი. თუმცა ტაიმში გოლი არ გასულა – 0:0.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 35-ე წუთზე “გაბალას” მცველები ერთმანეთს უხერხულად შეეჯახნენ, რის შედეგადაც ზუნიჩმა მძიმა ტრავმა მიიღო. მდგომარეობის გაუარესების გამო ხორვატი ფეხბურთელის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
შეხვედრის მეორე ნახევარი თბილისური გუნდის ტოტალური უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის 68-ე წუთზე თბილისელთა ლიდერმა, ლევან შენგელიამ, ბრწყინვალე რეიდი განახორციელა მეტოქის კარის მიმართულებით და შეტევაც შესაფერისად დააგვირგვინა – 1:0. 88-ე წუთზე თბილისელთა ათმა ნომერმა უზუსტესი დარტყმით კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის კარის აღება. კვამე კარიკარიმ შეხვედრის დამატებით წუთზე უძლიერესი დარტყმით ანგარიშში სხვოაბა გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3:0.
ასე რომ, თბილისის “დინამომ” ევროპა ლიგაზე აზერბაიჯანული “გაბალას” ბარიერიც წარმატებით გაიარა. პლეი ოფში მოსახვედრად საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ორმატჩიან დაპირისპირებაში “ფეიენოორდის” დამარცხება მოუწევს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 8 აგვისტოს ჰოლანდიაში შედგება, განმეორებითი მატჩი კი 15 ივლისს “დინამო არენაზე” გაიმართება.