“ფეიენოორდმა” “სპარტას” ქულა ბოლო წამებზე გამოსტაცა ხელიდან
ერედივიზიონის 2019/20 წლების სეზონის გათამაშებაში ჩაერთო როტერდამის “ფეიენოორდიც”. როგორც გასულ სეზონში, წელსაც “ფეიენოორდის” სტარტი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა – იაპ სტამის ბიჭები თანაქალაქელ “სპარტასთან” მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩნენ.
ანგარიში შეხვედრის 49-ე წუთზე “სპარტა როტერდამის” მხრიდან გაიხსნა, თვი რაიჰიმ გამოიჩინა. გაშვებულ გოლს 66-ე წუთზე ჰაპსის საგოლე გადაცემით ბერგჰუისი გამოეხმაურა. “სპარტა” მალევე დაწინაურდა – გოლი ველდვიკმა გაიტანა. შეხვედრის მეხუთე დამატებით წუთზე კი ლარსონმა თავის კლუბს ერთი ქულა მოუტანა.
ასე რომ, უშუალო კონკურენტების, “პსვ”-სა და “აიაქსის” მსგავსად, ერედივიზიონის გახსნით ტურში “ფეიენოორდიც” ერთ ქულას დასჯერდა. მომდევნო ტურში როტერდამული კლუბი “ჰერეენვენს” ეწვევა, თუმცა მანამდე სტამის გუნდს თბილისის “დინამოსთან” მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის “დინამო” და როტერდამის “ფეიენოორდი” ერთმანეთს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაეყარნენ. პირველი მატჩი 8 აგვისტოს ჰოლანდიაში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 15 მაისს “დინამო არენაზე”.