პრემიერ ლიგის ახალი სეზონი “ლივერპულის” დამაჯერებელმა გამარჯვებამ გახსნა (ვიდეო)
9 აგვისტოს სტარტი აიღო პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონმა. გახსნით შეხვედრას ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა უმასპინძლა, რომელთანაც შერკინება “ნორვიჩ სიტიმ” სცადა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა “მერსესაიდელთა” იოლი გამარჯვებით დასრულდა.
პირველი ნახევარი მასპინძელთა ტოტალური უპირატესობით წარიმართა. სეზონის პირველი გოლი გრანტ ჰენლიმ გაიტანა, ოღონდ საკუთარ კარში, რასაც მოჰამედ სალაჰის (19′), ვირჯილ ვან დაიკისა (28′) და დივოკ ორიჯის (42′) გოლები მოჰყვა.
შეხვედრის მეორე ნახევარში იურგენ კლოპის ბიჭები ძალების დაზოგვით თამაშობდნენ. “წითლებისგან” მეტი გოლი ვეღარ ვიხილეთ, სანაცვლოდ პუკიმ შეძლო ერთი გოლის გაქვითვა – 4:1.
ასე რომ, “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართი ევროპის სუპერთასის წინ “ლივერპულმა” დამაჯერებლად იმარჯვა და პირველი სამი ქულაც მოიპოვა ჩემპიონატში. პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში “ლივერპული” “საუთჰემპტონს” ეწვევა, ხოლო “ნორვიჩი” “ნიუკასლს” მიიღებს.