დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 აგვისტო
პერიშიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება
“ბაიერნსა” და “ინტერს” შორის ივან პერიშიჩის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც იცით, “ბაიერნს” მიმდინარე ზაფხულში ლეროი სანეს შეძენა არ გამოუვიდა, ბავარიელები კი მის ალტერნატივად სწორედ პერიშიჩს მოიაზრებენ.
იკარდის შეძენა სამ იტალიურ კლუბს სურს
ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ მაურო იკარდი “ინტერში” ვეღარ დარჩება და მას კარიერის გაგრძელება ახალ კლუბში მოუწევს. Goal.Com-ის ინფორმაციით, მისი შეძენა სამ იტალიურ კლუბს სურს – “იუვენტუსს”, “რომასა” და “ნაპოლის”.
როგორც იცით, იკარდის კუთვნილი 9 ნომერი “ინტერის” ხელმძღვანელობამ ახალწვეულ რომელუ ლუკაკუს გადასცა.
ვან დე ბეკის “რეალში” ტრანსფერი გადაიდო
Mundo Deportivo-ს ცნობით, ამსტერდამის “აიაქსის” შემტევი ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეკის მადრიდის “რეალში” ტრანსფერი მომდევნო ზაფხულამდე გადაიდო.
როგორც იცით, 22 წლის ფეხბურთელს “სამეფო კლუბში” გადასვლას მიმდინარე ზაფხულში უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა.
მარიანო დიასი “რომაში”?
“რომა” მადრიდის “რეალის” თავდამსხმელით, მარიანო დიასითაა დაინტერესებული. რომაელებს იმედი აქვთ, რომ 26 წლის ფეხბურთელს იჯარით დაიმატებენ, შემდეგ კი მის სატრანსფერო უფლებებს სრულად გამოისყიდიან.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “რომა” “რეალთან” მოლაპარაკებებს მაშინვე დაიწყებს, როგორც კი ედინ ჯეკო “ინტერში” გადავა.
ბალოტელიმ, შესაძლოა, ბრაზილიაზე უარი თქვას
იტალიური მედიის ცნობით, დიდი შანსია იმისა, რომ მარიო ბალოტელიმ ბრაზილიური “ფლამენგოს” შემოთავაზებაზე უარი თქვას და იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 28 წლის თავისუფალი აგენტის მიმართ ინტერესს “ჰელას ვერონა”, “ფიორენტინა” და “ბრეშა” იჩინენ.