რომან გოცირიძე: “დინამო” უპასუხისმგებლოდ იქცევა, ბოდიში უნდა მოიხადოს”
საქართველოს პარლამენტის წევრმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თბილისის “დინამოს” მიმართავს, რომელიც უეფამ 50 000 დოლარის ოდენობის ჯარიმით დააჯარიმა. გარდა ამისა, “დინამო” – “ფეიენოორდის” მატჩი დახურულ კარს მიღმა ჩაივლის.
უეფა ამ გადაწყვეტილების მიზეზად მოედანზე გამოფენილ ბანერს ასახელებს, სადაც 88 არის აღნიშნული რაც ფაშისტურ სიმბოლიკად აღიქმება (ანბანის მერვე ასო H გახლავთ, ორი H კი Heil Hitler-ად აღიქმება). “დინამომ” უკვე გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, თუმცა ამაოდ.
“თბილისის დინამო უპასუხისმგებლოდ იქცევა. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს და დაგმოს გულშემატკივართა ნაწილის ფაშისტური გამოხდომები, ცდილობს გაამართლოს ისინი. უეფამ არ მიიღო დინამოს სააპელაციო საჩივარი და ცარიელი ტრიბუნების ქვეშ მოუწევს საპასუხო თამაშის გამართვა.
ქვემოთ ერთ-ერთი ბანერია გამოფენილი, რომელის შესახებაც ” დინამოს” გულშემატკივართა კლუბი ამბობს, რომ ეს რიცხვები ამ კლუბის დაარსების თარიღია. სინამდვილეში რაც არის, მეორე ფოტოში ჩანს, სადაც ტვინგამორეცხილი ქართველი ნაცისტი დგას ჰიტლერის პოზაში მსგავსი ბანერის გვერდით.
უეფამ გარდა ბანერებისა, რასისტული შეძახილები და ჟესტებიც დააფიქსირა სტადიონზე.
”დინამო” უეფამ დაავალდებულა, რომ უნდა გამოფინოს საპასუხო, ანტირასისტული ბანერი და გადაიხადოს 50 ათასი ევრო. ვნახოთ, როგორ მიმართავს თავის გზააბნეულ ქომაგებს და მოუხდის თუ არა ბოდიშს ყველას, ქართველებს თუ არაქართველებს და აღიარებს თუ არა იმ მორალურ ზიანს, რომელიც მიადგა ქვეყანას და რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, მსგავსი ქმედებების პირველივე გამოვლინებისთანავე რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები,” – ვკითხულობთ რომან გოცირიძეს განცხადებაში.