დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 აგვისტო
რიბერი “ფიორენტინაში”?
Sky Sport Italia-ს ცნობით, ფრანკ რიბერი “ფიორენტინაში” გადასვლას დათანხმდა. დიდი შანსია, ტრანსფერი უახლოეს დღეებში შედგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი გარემარბი წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.
“ნაპოლი” იკარდის ელოდება
Gianlucadimarzio.com-ის ცნობით, “ნაპოლი” მაურო იკარდის თანხმობას ელოდება იმისათვის, რომ ტრანსფერი შედგეს.
უკვე დიდი ხანია, ნეაპოლელები არგენტინელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს იჩენენ. მისი დამატების დიდი სურვილი კარლო ანჩელოტის აქვს.
ერიქსენს სამი კლუბი აინტერესებს
“ტოტენჰემის” ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის შეძენა ბევრ კლუბს სურს, მაგრამ თავად დანიელ ფეხბურთელს მხოლოდ სამი კლუბი აინტერესებს – “იუვენტუსი”, “ბარსელონა” და “რეალი”.
ერიქსენს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი ერთ წელიწადში უსრულდება და მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ზაპაკოსტა “რომაში” გადასვლასთან ახლოსაა
იტალიური მედიის ცნობით, უახლოეს ხანებში “ჩელსის” ფეხბურთელი დავიდე ზაპაკოსტა “რომას” წევრი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის იტალიელი მარჯვენა მცველი რომაელთა რიგებში სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის.
ლიხშტაინერი კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს
გამოცდილი შვეიცარიელი მარჯვენა მცველი შტეფან ლიხშტაინერი კარიერას “აუგსბურგში” გააგრძელებს. ინფორმაციას 35 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.
როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ლიხშტაინერიმა, რომელსაც 105 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრების მაისურით, “აუგსბურგთან” ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გასულ წელს ლიხშტაინერი “არსენალის” ღირსებას იცავდა.
“ბედნიერნი ვართ გამცნოთ გამოცდილი შტეფან ლიხშტაინერის ტრანსფერის შესახებ. მას შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ინგლისში თამაშის ბრწყინვალე გამოცდილება გააჩნია, რაც ჩვენ გუნდს აუცილებლად დაეხმარება,” – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.
“აუგსბურგი” ბოლო წლების მანძილზე ცალსახად პროგრესირებადი გუნდია. ეს ნამდვილი გამოწვევაა ჩემთვის. ვგრძნობ, რომ გუნდის დახმარება შემიძლია და მოუთმენლად ველი ჩემი შესაძლებლობების გამოცდას. ბუნდესლიგის ატმოსფერო ისეთი რამ არის, რისი გამოცდაც ყოველთვის მსურდა,” – აცხადებს ლიხშტაინერი.