დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 აგვისტო
“ინტერი” სანჩესის თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს
Manchester Evening News-ის ცნობით, მილანის “ინტერი” “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მილანურ კლუბს ალექსის სანჩესის შეძენა სურდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სიტუაცია სხვაგვარადაა.
კეილორ ნავასს “რეალიდან” წასვლა სურს
მადრიდის “რეალის” მეკარეს, კეილორ ნავასს კლუბის შეცვლა სურს. “მარკას” ცნობით, 32 წლის კარის დარაჯი “სამეფო კლუბში” სათადარიგო მეკარის როლში ყოფნით უკმაყოფილოა.
გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” ნავასის შემცვლელს უკვე ეძებს.
“რეალის” წარმომადგენლები პარიზში ჩავიდნენ
“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალის” წარმომადგენლები პარიზში ჩავიდნენ, რათა “პარი სენ-ჟერმენთან” ნეიმარის თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოონ.
“სამეფო კლუბი” ოპტიმისტურადაა განწყობილი. მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ ისინი ნეიმარის შეძენას შეძლებენ.
სანჩომ დორტმუნდის “ბორუსიასთან” ახალი კონტრაქტი შეათანხმა
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიდონ სანჩო დორტმუნდის “ბორუსიასთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და ის მის ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით გაორმაგებულ თანხას მიიღებს.
როგორც იცით, 19 წლის ფეხბურთელის შეძენა არაერთ კლუბ სურს. კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ, მისი სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო აიწევს.