დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 აგვისტო
ბეტანკური “ბარსელონაში”?
ესპანური გამოცემების ცნობით, კატალონიის “ბარსელონამ” და ტურინის “იუვენტუსმა” როდრიგო ბენტანკურის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. დიდი შანსია, უახლოეს ხანებში ურუგვაელი ნახევარმცველი კატალონიელთა რიგებში ვიხილოთ.
იგუაინი “იუვენტუსში” რჩება
დიდი ალბათობით, გონსალო იგუაინი ტურინის “იუვენტუსში” დარჩება და ის ამ ჯერზე გუნდს აღარ შეიცვლის.
როგორც იცით, არგენტინელმა თავდამსხმელმა გასული სეზონის ნაწილი იჯარით “მილანში”, შემდეგ კი “ჩელსიში” გაატარა. ზაფხულში ის ტურინელებს დაუბრუნდა და მის კიდევ ერთხელ განათხოვრებაზე საუბარი იყო.
“რეალს” სტეკელენბურგი სურს
ბრიტანული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, “ევერტონის” მეკარე მაარტენ სტეკელენბურგი მალე მადრიდის “რეალში” ვიხილოთ.
ზინედინ ზიდანს ჰოლანდიელი მეკარე კეილორ ნავასის შემცვლელად სურს. როგორც იცით, “რეალის” პირველი მეკარე კურტუაა, ხოლო ნავასს გუნდის დატოვება სურს.
პეპე რეინა მზადაა, “რეალში” კეილორ ნავასი შეცვალოს
“მილანის” მეკარე პეპე რეინა შესაძლოა, მადრიდის “რეალში” გადავიდეს. “სამეფო კლუბი” 36 წლის ესპანელ კიპერს კეილორ ნავასის შემცვლელად განიხილავს. “მარკას” ცნობით, კოსტარიკელი მეკარე “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვებას აპირებს.
არც “მილანია” კლუბიდან რეინას გაშვების მოწინააღმდეგე. ესპანელ მეკარეს “როსონერიში” ჯამაგირის სახით წლიურად ექვსი მილიონი ევრო ეძლევა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2021 წლამდე აქვს, თუმცა “მილანი” მაღალანაზღაურებადი კიპერის გათავისუფლებისთვის ვადაზე ადრე გამოთქვამს მზადყოფნას.
პეპე რეინამ “მილანის” რიგებში შარშან 12 მატჩი ჩაატარა და 15 ბურთი გაუშვა, სამ შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.