სტეფანწმინდაში ახალი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიასთან ახალი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა. მოედნის გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ვეტერან ფეხბურთელებთან ალექანდრე ჩივაძესთან, გიორგი ნემსაძესთან და გოჩა ჯამარაულთან ერთად დაესწრნენ.
საფეხბურთო მოედანი სტეფანწმინდისა და ხობის მთავარეპისკოპოსის მეუფე იეგუდიელისა და დარიალის მონასტრის წინამძღოლის მამა იოსების ინიციატივით მოეწყო. მეუფე იეგუდიელმა და ლევან კობიაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ახალი საფეხბურთო მოედნის გახსნა მიულოცეს და ფეხბურთის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღნიშნულ მოედანზე გიმნაზიის მოსწავლეების გარდა, მთელი რეგიონის მოსახლეობას შეეძლება ფეხბურთის თამაში.
სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი: “დღეს, ჩვენ სტეფანწმინდაში ვიმყოფებით, სადაც რეგიონს ახალი საფეხბურთო მოედანი შეემატა. ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა და ბევრად მეტს ნიშნავს, რადგან, წარმოშობით სწორედ ამ რეგიონიდან ვარ. მიხარია, რომ ეს არაჩვეულებრივი პროექტი განხორციელდა.
ახალი მოედანი მნიშვნელოვანია ფეხბურთის პოპულარიზაციისა, ხელშეწყობისთვის და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ითამაშონ ფეხბურთი, იცხოვრონ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ყველა რეგიონს, რათა ახალგაზრდა თაობას ქონდეს ფეხბურთის თამაშის საშუალება. განსაკუთრებული მადლობა კი, მინდა გადავუხადო მეუფე იეგუდიელს და ასევე მამა იოსებს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს და უდიდესი საქმე გააკეთეს ამ რეგიონისთვის.”
ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა გიმნაზიას სიმბოლურად ეროვნული ნაკრების სახელობითი მაისურები გადასცეს. ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გიმნაზიის მოსწავლეებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები, ფორმები და სხვადასხვა ინვენტარი გადასცა. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე.
სფფ-ის პრესსამსახური