ბეილის დუბლმა “რეალი” “ვილიარეალთან” ვერ გადაარჩინა (ვიდეო)
ლა ლიგის მესამე ტური “ვილიარეალისა” და მადრიდის “რეალის” უხვგოლიანმა დაპირისპირებამ დახურა. “ესტადიო დე ლა კერამიკაზე” ორივე გუნდის მოსაგებად იყო გასული, თუმცა საბოლოოდ თითო-თითო ქულას დასჯერდნენ.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, გოლი კონტრშეტევაზე მყოფმა მორენომ გაიტანა. “ბლანკოსმა” ანგარიში ტაიმის მიწურულს ბრწყინვალედ დახაზული კომბინაციის ხარჯზე გაათანაბრა, რომელიც გარეთ ბეილმა დააგვირგვინა.
მეორე ტაიმიც მსგავსი სცენარით წარიმართა. მოი გომესმა 74-ე წუთზე დააწინაურა “ყვითლები”, რასაც მადრიდელები გარეთ ბეილის ბრწყინვალე გასროლით გამოეხმაურნენ (86′). შეხვედრის დარჩენილ მონაკვეთში ვითარება არ შეცვლილა – 2:2.
ასე რომ, ლა ლიგის საწყისი სამი ტურის შემდეგ “რეალს” ერთი მოგება და ორი ფრე უგროვდება (5 ქულა, მეხუთე ადგილი). “ვილიარეალი” კი ორი ფრითა და ერთი წაგებით მე-16 პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში.