ოფიციალურად: კეილორ ნავასმა და ალფონსე არეოლამ გუნდები გაცვალეს
“პარი სენ-ჟერმენისა” და მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდები ერთხმად ადასტურებენ გუნდებს შორის განხორციელებულ მეკარეების ბარტერს.
“პარი სენ-ჟერმენმა” მადრიდის “რეალის” 32 წლის კოსტა-რიკელი მეკარე, კეილორ ნავასი, დაიმატა და მასთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. ამ დროის მანძილზე ნავასი ხელფასის სახით 18 მილიონ ევროს მიიღებს.
სანაცვლოდ, “რეალმა” არენდით აიყვანა “პარი სენ-ჟერმენის” სათადარიგო მეკარე ალფონსე არეოლა. აღსანიშნავია, რომ არეოლას კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ არის შეტანილი.
ნავასმა “რეალში” ხუთი სეზონი გაატარა. ამ დროის მანძილზე კოსტა-რიკელმა მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი, სამი ჩემპიონთა ლიგა, ორი ევროპის სუპერთასი და ოთხი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
არეოლა კი “პარი სენ-ჟერმენის” აკადემიის პროდუქტი გახლავთ. მას პარიზულ კლუბთან ერთად ექვსი ტიტული აქვს მოგებული. ესპანეთში კი მას აქამდეც უთამაშია – არეოლა “ვილიარეალში” იყო განათხოვრებული.