ვლადიმირ ვაისი: “დანიასთან შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ”
ხვალ, 8 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიას დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.
დანიასთან მატჩისათვის მზადება: “ამ მატჩისათვის მზადება სტამბულში დავიწყეთ. სამხრეთ კორეასთან კარგი მატჩი გვქონდა. გუნდს ტრავმების შემდეგ ბევრი ფეხბურთელი დაუბრუნდა – ანანიძე, ოქრიაშვილი, ქვილითაია. ანგარიშით კმაყოფილი ვიყავი. 60-70 წუთის შემდეგ თამაშში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანიასთან შეხვედრისათვის კარგად მოვემზადეთ.”
ტრავმირებულ ფეხბურთელებზე: “ცუდი ინფორმაცია გვაქვს ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ლაშა დვალი და ზურიკო დავითაშვილი ტრავმირებულები არიან. დავითაშვილმა დაზიანება კორეასთან მატჩში მიიღო და მოსარჩენად 2-3 კვირა დასჭირდება. ხოჭოლავა “შახტარიდან” ტრავმირებული ჩამოვიდა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ჩვენი ინფორმაციით, მისი აღდგენის პროცესი კარგად მიდის. სავარაუდოდ, 2-3 თვეში მოედანს დაუბრუნდება.”
რატომ არ არის გიორგი ხარაიშვილი ნაკრებში?: “რა შემიძლია ვთქვა? იმიტომ, რომ გამოვიძახე ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე. ჩვენ ახლა უფრო მეტად გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს. შესაძლოა, ხვალიდან ახალმა მწვრთნელმა ის გამოიძახოს. მას ძალიან ვაფასებ, დიდი მომავალი აქვს. ხარაიშვილს ვაკვირდებით, ბოლო მატჩში გოლიც გაიტანა და მაღალი დონის მოთამაშეა.”
ლუკა ზარანდიასა და გიორგი არაბიძეზე: “პრობლემა ისაა, რომ ნაკრებში ყველა მოთამაშის გამოძახება არ შემიძლია. მათ პოზიციაზე გვყავს ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი. არაბიძემ კლუბი ცოტა ხნის წინ შეიცვალა. მას ვაკვირდებით. ამ ეტაპზე ის მოთამაშეები გამოვიძახე, ვინც საჭიროდ ჩავთვალე.”
ტოვებს თუ არა ვაისი ნაკრებს?: “მე ჯერ კიდევ აქ ვარ. ხვალინდელი მატჩის შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი. კულისებს მიღმა ყოველთვის მიდის გარკვეული პროცესები. მთავარი ის არის, რომ დღეს აქ ვარ და ჩემი კონცენტრაცია მთლიანად საქართველოს ნაკრებს ეთმობა.”
გამოუყენებელ მომენტებზე: “საგოლე მომენტების გამოუყენებლობა ჩვენი პრობლემაა. ვაკო ყაზაიშვილს მინიმუმ სამი გოლი უნდა გაეტანა. ის საჯარიმოში უფრო მეტად აგრესიული უნდა იყოს.”
შეგახსენებთ, რომ მატჩი “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: gff.ge