საქართველომ დანიას ღირსეული ბრძოლა გაუმართა და ერთი ქულა მოიპოვა
რვა აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტურის მატჩი შედგა საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის. ამ შეხვედრაში კოპენჰაგენში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრების თვალწინ რეაბილიტაციის ბრწყინვალე შესაძლებლობა ეძლეოდა.
თამაშის პირველივე წუთიდან იკითხებოდა, რომ გუნდები მაყურებლისთვის მაღალი ტემპის შეთავაებას აპირებდნენ. ტაიმის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრები საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას უწევდა მაღალი დონის მეტოქეს და რამდენიმე შემთხვევაში ანგარიშის გახსნასთანაც იყვნენ ახლოს, თუმცა შმეიხელის კარის ბადე არ შერხეულა.
რაც შეეხება ტაიმის ბოლო ოც წუთს, დანიელებმა ქართველებზე ზეწოლა გაზარდეს, რის შედეგადაც გიორგი ლორიას კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა, ვლადიმერ ვაისის გუნდმა პირველ ტაიმში კარის მშრალად შენახვა შეძლო – 0:0.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში დანიელები მაღალი პრესინგის ხარჯზე ფლობდნენ უპირატესობას და რომ არა გიორგი ლორიას გმირული სეივი, ანგარიშშიც დაწინაურდებოდნენ. თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა მალევე იპოვეს რწმენი საკუთარ თავში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 15-20 წუთის მანძილზე უპირატესობასაც ფლობდნენ. იქმნებოდა მომენტები, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ცდებოდნენ.
81-ე და 82-ე წუთებზე ბურთი ორჯერ მოხვდა ხარიხას – ჯერ ქვილითაიას თამაშგარიდან დარტყმულისას შემდეგ კი კიაერმა შორი მანძილიდან ყუმბარეისებული დარტყმა განახორციელა. შეხვედრის კულმინაციაც ეს სამწუთიანი პერიოდი გამოდგა. საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრები მეტოქეს არაფერში ჩამორჩა და დამსახურებული ერთი ქულაც მოიპოვა.