ვინსენ კომპანი თავის გაცილების მატჩში ვერ ითამაშებს
დღეს, მანჩესტერში, “ეტიჰადზე” ვინსენ კომპანის გაცილების მატჩი გაიმართება. უცნაურია, მაგრამ ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს დღის მთავარი გმირი, თავად კომპანი.
ვეტერანმა ბელგიელმა ეს ინფორმაცია დღეს, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე დაადასტურა. მას კუნთის ტრავმა აწუხებს.
“სამწუხაროდ, დღეს სასტარტო შემადგენლობაში არ ვიქნები ან საერთოდაც ვერ ვითამაშებ. კუნთის ტრავმა მაქვს და გარისკვა არ მინდა”, – ციტირებს კომპანის სიტყვებს Sky Sports.
კომპანის გაცილების მატჩში მონაწილეობას “მანჩესტერ სიტისა” და პრემიერ ლიგის ყოფილი ვარსკვლავები მიიღებენ. მათ შორის იქნებიან მარიო ბალოტელი, ტიერი ანრი, რაიან გიგსი, სესკ ფაბრეგასი და რობინ ვან პერსი.