ლევან კობიაშვილი: “სანამ ეს ადამიანი “ტორპედოს” ფლობდა, მანამდე შეუძლებელი იყო რამის გაკეთება”
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” ფინანსური პრობლემების შესახებ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ისაუბრა. “ტორპედოში” კატასტროფული სიტუაციაა და 7 თვეა თანამშრომლებს ხელფასი არ აუღიათ.
“ქუთაისის “ტორპედოზე” პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მდგომარეობა არის რთული, ძალზე რთული. არ ვიცი რამდენად არის პრეტენზია ჩემთან, მაგრამ მთავარია, რაღაცნაირად გამოვიყვანოთ გუნდი ამ მდგომარეობიდან. ქუთაისის “ტორპედო” არის გუნდი, რომელიც ზოგადად განასახიარებს ჩვენს ჩემპიონატს და ჩემთვის რთულია მის გარეშე აღვიქვა ეს ჩემპიონატი. “ტორპედო” თავისი ტრადიციებით, გულშემატკივრებით და ისტორიით ყოველთვის გამორჩეული იყო. მე რამდენჯერმე ვიყავი ქუთაისში, მქონდა შეხვედრა გულშემატკივრებთან და ყველაზე ცუდი რაც არის, მათ რეალურად არ ჰქონდათ აღქმა, არ იცოდნენ რა ხდებოდა ზუსტად და ესე ზედაპირულად, ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდნენ.
დღეს არის გუნდის გადაბარების პროცესი, უბრალოდ ამ გადაბარების პროცესში არის პრობლემა. როდესაც “ტორპედო” გასხვისდა, მფლობელმა ის ვალების გარეშე შეიძინა და ახლა კლუბს გააჩნია ვალები. ხელშეკრულებაში ნათლად წერია, რომ თუ დაბრუნდება უკან, უნდა დაბრუნდეს ვალების გარეშე. მფლობელი არ აღიარებს ვალებს და ამ ადამიანმა უნდა აღიაროს ფინანსური ვალდებულებები. მანამ სანამ არ აღიარებს, ეს იქნება დავის საგანი და შესაძლოა რაღაც პერიოდი გაიწელოს.
მე-2 გამოსავალი არის, ჩვენი რეკომენდაციით, დროებით ამ გუნდში დაინიშნა მერიის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა იმუშაოს, რაღაც თანხები მოიზიდოს. სანამ ეს ადამიანი “ტორპედოს” ფლობდა, მანამდე შეუძლებელი იყო რამის გაკეთება. ნდობის ფაქტორი და ყველანაირი სიტუაციაც ამაზე მეტყველებდა, რთული იყო, საერთოდ, ვინმეს ინვესტიცია განეხორციელებინა. გუნდში არის მერიის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც აქვს ყველანაირი უფლება ყველა ტრანზაქცია აკონტროლოს, სწორი მიმართულებით გაუშვას. სადღაც ჩანს ნათელი წერტილი, მომდევნო დღეებში და კვირეებში ფინანსური დახმარება გაჩნდეს, ხელფასების გაცემა დაიწყოს და ა.შ. რაც შეეხება ტრანსპორტს და მსგავს პრობლემებს, ადრეც მაქვს ნათქვამი და ვიტყვი, რომ მსგავს სიტუაციაში ფეხბურთის ფედერაცია მზად არის ყველას დაეხმაროს.
მიზანი არის, რეალური მიზანი, რაღაც გამოჩნდება და გუნდი იარსებებს”.
ქუთაისის “ტორპედო” 1 თვის წინ პრეზიდენტმა, ზაალ ჩაჩავამ დატოვა. დღეს “ტორპედოს” 3 მილიონი ლარის ვალი აქვს და ჩაჩავა ამ ვალს არ აღიარებს. გუნდი 15-მა ფეხბურთელმა დატოვა, 15 ახალი ფეხბურთელი მოვიდა, რომლებთაც ჯერ ხელფასი არ აუღიათ.