ფერნანდო რიქსენი გარდაიცვალა
ჰოლანდიის ნაკრებისა და გლაზგოს “რეინჯერსის” ყოფილი ფეხბურთელი, ფერნანდო რიქსენი მამოძრავებელი ნეირონების დაავადებასთან დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ, 43 წლის ასაკში, დღეს, დილის საათებში გარდაიცვალა. ინფორმაცია “რეინჯერსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
რიქსენს მძიმე დაავადება 2013 წელს დაუდგინდა და მას შემდეგ ის მამაცურად იბრძოდა. მამოძრავებელი ნეირონების დაავადება გავლენას ტვინსა და ნერვულ სისტემაზე ახდენს. მას გადაადგილება და საუბარი სპეციალური მოწყობილობის გარეშე არ შეეძლო. ეს დაავადება არ ინკურნება. მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხის შესაგროვებლად საქველმოქმედო მატჩი რამდენიმეჯერ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა – შოთა არველაძემ და ზურაბ ხიზანიშვილმა მიიღეს.
რიქსენმა კარიერა ჰოლანდიურ “ფორტუნაში” დაიწყო, ამის შემდეგ კი “ალკმაარში”, “რეინჯერსსა” და “ზენიტში” ითამაშა. საბოლოოდ, ის ისევ “ფორტუნაში” დაბრუნდა.