ნაგოიაში საქართველოს ნაკრების დახვედრის ცერემონიალი გაიმართა (ფოტო)
17 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ტოკუშიმადან ნაგოიაში გადაინაცვლა. “ბორჯღალოსნები” უახლოესი მატჩისათვის მზადებას სწორედ აქ აგრძელებენ.
დღეს ნაგოიას დრამის თეატრში საქართველოს ნაკრების დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. სტუმრებს პირველმა ქალაქის მერმა ტაკასი კავამურამ მიმართა: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნაგოიაში. ისიამოვნეთ აქ ყოფნით.” სცენაზე ტრადიციული იაპონური ცეკვაც შესრულდა.
ამის შემდეგ, მიკროფონთან გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გადაინაცვლა: “იმედი მაქვს, იაპონიაში კარგ თამაშს ვაჩვენებთ. გვინდა, რომ ჩვენ მიზნებს მივაღწიოთ.”
ასევე, ღონისძიებაზე ტოჩინოშინის ვიდეომიმართვა აჩვენეს. როგორც იცით, ქართველი სუმოისტი ახლა აკი ბაშოზე ასპარეზობს, შესაბამისად, მისთვის ახლა ქართველ მორაგბეებთან ერთად ყოფნა არ მოხერხდა.
“მოიკრიბეთ ძალა და აჩვენეთ თქვენი საუკეთესო თვისებები”, – ასეთი იყო ტოჩინოშინის მიმართვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს უელსის წინააღმდეგ გამართავს.