ლუკაკუმ და ბროზოვიჩმა გასახდელში იჩხუბეს, ფაქტს ალექსის სანჩესი ადასტურებს
“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მილანის “ინტერის” ახალწვეულმა ალექსის სანჩესმა დაადასტურა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდის თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ და ნახევარმცველმა მარსელო ბროზოვიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე პრაღის “სლავიასთან” ჩატარებული მატჩის (1:1) შესვენებისას გასახდელში იჩხუბეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელმა ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას “ინტერის” ნახევარმცველები ბურთს ხშირად კარგავდნენ. ეს სიტყვები არ მოეწონა ხორვატ შუახაზელს, რომელმაც ლუკაკუს მომენტების უკეთ გამოყენება ურჩია. კამათი ჩხუბში გადაიზარდა და საქმე კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.
მომხდარით უკმაყოფილოა “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობას ინციდენტის განხილვა სთხოვა.