კევინ დე ბრუინი ტიერი ანრის რეკორდს უმიზნებს
21 სექტემბერს, პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” “უოტფორდი” მიწასთან გაასწორა – “ქალაქელებმა” მეტოქეს რვა უპასუხო გოლი გაუტანეს, რითიც გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში კევინ დე ბრუინმა თავისი გოლის გატანაც შეძლო 85-ე წუთზე და ამასთან ერთად, ორი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში ( საერთო ჯამში, ბელგიელმა “უოტფორდთან” მატჩში რვა სახიფათო მომენტი შექმნა).
ამ შედეგით, კევინ დე ბრუინს პრემიერ ლიგის ექვსი ტურის შემდეგ შვიდი საგოლე გადაცემა უგროვდება. სეზონში დაგროვებული ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის რეკორდი კი ტიერი ანრის ეკუთვნის – 20.
ასე რომ, სულაც არაა გამორიცხული, რომ დარჩენილ 32 ტურში კევინ დე ბრუინმა ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის რეკორდი დაამხოს.