საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ურუგვაის წინააღმდეგ
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და პირველი შეხვედრის შემდეგ, გუნდი თითქმის სრულად გადაახალისა.
23 სექტემბერს უელსთან ნათამაშები მატჩის (14:43) შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ 3-მა მორაგბემ შეინარჩუნა.
კაპიტანი მარქაფიდან ბრუნდება
12 ცვლილებიდან 5 ხაზში განხორციელდა. 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც წინა მატჩში ვასილ ლობჟანიძის შემცვლელი იყო, ახლა კი მათ როლები გაცვალეს. თედო აბჟანდაძე ერთ-ერთი ის მორაგბეა, რომელიც ამჯერადაც ძირითადშია.
ფრთიდან ცენტრში გადაინაცვლა და ლაშა მალაღურაძეს შეუწყვილდება გიორგი კვესელაძე. მალაღურაძე უელსთან განაცხადში არ იყო. განაცხადში არ იყვნენ და ამჯერად ფრთებზე იწყებენ თამაშს სანდრო თოდუა და ზურაბ ძნელაძე. თოდუასთვის ეს მე-80-ე, ხოლო ძნელაძესთვის მე-10 სანაკრებო კეპი იქნება. უელსთან სულ რამდენიმე წუთი ითამაშა და ამჯერად ფულბეკის პოზიციაზე ძირითადშია ლაშა ხმალაძე.
ტრავმა მოიშუშა და ურუგვაისთან შეცვლაზე ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ის მოსამზადებელ მატჩში, ‘საუზერნ კინგსთან’ დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. მარქაფაშია სოსო მათიაშვილიც.
მთლიანობაში, ჰეიგმა სამხრეთ ამერიკელებთან სათამაშოდ გამოცდილი ხაზის მოთამაშეები შეარჩია. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 7 მორაგბის კეპების ჯამური რაოდენობა 304-ს შეადგენს, ხოლო მარქაფაში მყოფების – 129.
ბორჯღალოსნებს 32-ე კაპიტანი – ჯაბა ბრეგვაძე
ურუგვაისთან საქართველოს ნაკრების კაპიტანი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იქნება, რომელიც გახდება 32-ე მორაგბე, რომელსაც აქამდე ბორჯღალოსნებისთვის უკაპიტნია. მან უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ახლა კი ძირითადშია.
სულ ჰეიგმა 8-იდან 7 მორკინალი შეცვალა. პირველ ხაზში ბრეგვაძეს მხარს გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა გაუმაგრებენ. უელსთან ისინი მარქაფაში იყვნენ. მარქაფაში გადაინაცვლა მარჯვენა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძე და გიორგი მელიქიძე კი, მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებენ.
მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა კოტე მიქაუტაძემ, რომელსაც ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. ლომიძესთვის ეს იაპონიაში პირველი თამაში იქნება. მეორე ხაზში შეცვლაზე შევა მამუკა გორგოძე, რომელმაც უელსთან მესამე ხაზში, ძირითადში ითამაშა.
მესამე ხაზში თამაშს ის მორაგბეები იწყებენ, რომლებიც პირველ მატჩში მარქაფაში იყვნენ. ფლანკერები შალვა სუთიაშვილი და ბექა საღინაძე იქნებიან, ხოლო შემკვრელი ოთარ გიორგაძეა. მესამე ხაზის მარქაფაშია ბექა გორგაძე.
მორკინალების კეპების ჯამური რაოდენობა 324-ს შეადგენს, მარქაფაში მყოფი ფორვარდებისა კი – 119.
შემადგენლობას თუ გადავხედავთ, იაპონიის მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებს 7 მორაგბე. ძნელაძეს, კარკაძესა და მელიქიძეს მსოფლიო თასზე დებიუტი ექნებათ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
rugby.ge