“გენტის” მწვრთნელი: “ჩაკვეტაძის დაბრუნებას იანვარში ველი”
ბელგიური “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა, იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. 49 წლის სპეციალისტის თქმით, ქართველი ფეხბურთელი 100 პროცენტით გამოჯანმრთელებული იანვარში იქნება.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა.
“არ მიკვირს, რომ ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ბოლო თვეებისა და კვირების განმავლობაში ის ბევრს შრომობდა, ზოგჯერ დღეში სამჯერაც კი ვარჯიშობდა. იმისათვის, რომ მისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მიმეცა, გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება მივეცი.
ჩაკვეტაძე 100 პროცენტით მზად ახალი წლის შემდეგ იქნება. ცხადია, თუ უფრო ადრე გამოჯანმრთელდება, ესეც კარგი იქნება, მაგრამ მის თამაშს იანვარში ველი. ვიცი, რომ გიორგის ოქტომბრის ბოლოს დაბრუნების იმედი აქვს, მაგრამ მინდა, მან გამოჯანმრთელებისათვის მთელი დრო ბოლომდე გამოიყენოს”, – ციტირებს იეს ტორუპის სიტყვებს nieuwsblad.be.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ბოლოს 21 აპრილს ითამაშა, რის შემდეგაც მან მუხლის ოპერაცია გაიკეთა.