რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა საქართველოს ბოდიში მოუხადეს
რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა ქართულ მხარეს ურუგვაისთან მოგების შემდეგ სტადიონზე ჩართული რუსული სიმღერის გამო ბოდიში მოუხადეს.
როგორც იცით, 29 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 33:7 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა დიდი შეცდომა დაუშვეს – მათ ქართველების გამარჯვების აღსანიშანვად რუსული სიმღერა ჩართეს. ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრის შემდეგ მილტონ ჰეიგმა და ჯაბა ბრეგვაძემ განცხადება გააკეთეს და მათ ორგანიზატორებს სთხოვეს, რომ იგივე შეცდომა აღარ გაიმეორონ.
მსოფლიო რაგბის პრესსპიკერმა მომხდარის გამო ქართულ მხარეს ბოდიში მოუხადა.
“გვინდა, გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ ჩვენ ქართველ მეგობრებს შექმნილი უხერხულობისათვის. ამ საკითხზე უკვე ვიმსჯელეთ, მსგავსი რამ აღარ უნდა გამეორდეს”, – აცხადებს პრესსპიკერი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მორიგ შეხვედრას 3 ოქტომბერს, ფიჯის წინააღმდეგ გამართავს.