“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანმა “ლივერპულს” გაზეთში გულწრფელი წერილი მიუძღვნა
იურგენ კლოპმა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის ტახტი 2015 წლის ოქტომბერში დაიკავა და მაშინ ყველას ეპარებოდა ეჭვი გერმანელ სპეციალისტში. მაშინ “წითლებმა” სეზონი მერვე ადგილზე დაასრულეს, ახლა კი ყველას სჯერა, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი მალე ინგლისის ჩემპიონობასაც იზეიმებს.
საინტერესოა, რომ ამ “ლივერპულის” ბოლოდროინდელ წარმატებებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, ჯორჯ ლიუისმა, The Times-ის გაზეთში მთლიანი სვეტი მიუძღვნა.
“როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანისთვის, “ლივერპული” ყოველთვის ყველაზე დიდ მტრად წარმომიდგებოდა. სხვები მხოლოდ მის სიახლოვეში იმყოფებოდნენ (“მანჩესტერ სიტი”, “არსენალი”, ჯონ ტერი), მაგრამ პირველ ადგილს ყოველთვის “ლივერპული” იკავებდა. მიზეზი ალბათ ის გახლდათ, რომ ორივე კლუბმა იცის როგორ გაიმარჯვოს.
როგორც ჩანს, “ლივერპული” წინ გაიჭრა. მათ იპოვნეს მწვრთნელი, რომელსაც არა მხოლოდ შემტევი ფეხბურთი და ტიტულების მოგება უყვარს, არამედ ისეთი პიროვნებაა, რომელიც შეუძლებელია არ მოგწონდეს.
ისეთი სიტუაცია იყო, თითქოს ბიჭმა, რომელთან ერთადაც მუშაობ და ვერ იტან, ახალი მეგობარი გოგო გაიჩინა შენ კი მის ფეისბუქს ათვალიერებ, რათა დარწმუნდე, რომ მისი შეყვარებული საშინელია. მაგრამ რაც უფრო მეტად აკვირდები, მით უფრო მეტ პოზიტივს ხედავ მასში. ის კეთილია, მხიარული, მიმზიდველი, პოპულარული და თავდამბალია. ამავდროულად ბრწყინვალე კბილებიც აქვს (ვიმეორებ, ბრწყინვალე). რაც ყველაზე მეტად გაღიზიანებს, ისინი ერთად ბედნიერები არიან.
დიახ, იურგენ კლოპი სრულად შეეწყო იქაურობას. მისმა აგენტმა ერთხელ ახსენა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კლუბს დატოვებდა ამინდი იქნებოდა. ახლა კი, ყოველ საღამოს ამინდის პროგნოზს ვუყურებ იმ იმედით, რომ წვიმას გამოაცხადებენ. ყოველ ჯერზე, როდესაც მზე გამოდის, გული მეკუმშება. ეს ადამიანი ცხოვრებას მინადგურებს!
მუდმივად ვეძებ რაიმე სახის ნაპრალებს გუნდში. როდესაც მოჰამედ სალაჰმა და სადიო მანემ ერთმანეთში იჩხუბეს, ძალიან მაინტერესებდა, იქნებოდა თუ არა ეს დასასრულის დასაწყისი. თუმცა იურგენმა უბრალოდ გაიცინა და ამით ყველაფერი მოგვარდა. ჯანდაბა.
თუ კლოპი შენ მანქანას მოიპარავს, დარწმუნებული ვარ, რომ ბედნიერი იქნები დაზღვევისგან მიღებული თანხით. თუ თქვენ მეუღლესთან რომანს გააბამს, ბავშვებზე ზრუნვას შესთავაზებთ. კლოპი ტიტულების მოგებას გააგრძელებს და ეს გარდაუვალია. მე კი, ისღა დამრჩენია ფანჯრიდან ვიცქირო და წვიმას დაველოდო,” – ვკითხულობთ სტატიის ამონარიდში.