რობერტო კარლოსი: “რონალდოსთან ერთად უფრო ხშირად მძინებია, ვიდრე – საკუთარ მეუღლესთან”
მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა ძველი დრო გაიხსენა, როდესაც “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები ვარჯიშებზე საკუთარი თვითმფრინავებით მიფრინავდნენ.
“როდესაც იმ წლებს ვიხსენებ, მიკვირს, როგორ ვახერხებდით ამას. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. თითოეული მატჩის შემდეგ საკუთარი თვითმფრინავებით ვმგზავრობდით. ერთმანეთს მადრიდის აეროპორტის დახურულ ტერმინალში ვხვდებოდით. ბექჰემი ერთი მიმართულებით მიფრინავდა, ფიგუ და ზიდანი – მეორე მიმართულებით, მე და რონალდო კიდევ სხვა გეზით მივემგზავრებოდით… მომდევნო დღეს კი ისევ ვარჯიში გვქონდა და უკან უნდა გამოვფრენილიყავით.
ვლოცულობდი, რომ მატჩი შაბათ დღეს გვქონოდა. ასეთ შემთხვევაში, კვირას ფორმულა 1-ის რბოლაზე დასწრების შესაძლებლობა მეძლეოდა. კერძო თვითმფრინავები ყველგან იყო, რაღაც სიგიჟე ხდებოდა.
რონალდოს პირველად 1993 წელს შევხვდი. იმ პერიოდიდან ყოველთვის ერთ ოთახში გვეძინა. ასე რომ, რონალდოსთან ერთად უფრო ხშირად მძინებია, ვიდრე – საკუთარ მეუღლესთან”, – ციტირებს რობერტო კარლოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.