ვლადიმირ ვაისი: “ხვალ გამარჯვებისთვის ასი პროცენტით დახარჯვა საკმარისი არ იქნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ირლანდიასთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე ძალიან საინტერესო თემას შეეხო.
“ირლანდიასთან გასამართი ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არის მოსამზადებელი ეტაპი ერთა ლიგის უმნიშვნელოვანეს თამაშამდე, სადაც ქართული ფეხბურთის ოცნების ასრულებისთვის ვიბრძოლებთ.
ჩვენი მეტოქე ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელები უმაგრებენ ზურგს. ირლანდია ჯგუფის ლიდერია, რითიც ყველაფერია ნათქვამი.
ამ გუნდს შესანიშნავი ბალანსი გააჩნია თავდასხმასა და დაცვას შორის. ისინი განსაკუთრებით სახიფათონი იქნებიან სტანდარტული მდგომარეობებიდან. ამ გუნდის ფეხბურთელები მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ. პირადად მე კი დაფის გამოვარჩევდი.
ისეთივე თამაში უნდა ვაჩვენოთ, როგორიც დანიის წინააღმდეგ. თუმცა იმედს ვიქონიებ, რომ ხვალ გოლების გატანას შევძლებთ და ისტორიაში პირველად დავამარცხებთ ირლანდიის ნაკრებს.
ირლანდიის წინააღმდეგ სლოვაკეთის ნაკრების თავკაცის როლშიც გამოვსულვარ და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. ვიცი, რაოდენ რთულია მათთან ბრძოლა. გამარჯვება ძალიან რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. ხვალ 100 პროცენტი საკმარისი არ იქნება, ჩვენ 120 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ გამარჯვებისთვის.
რაც შეეხება ჩემ მომავალს, ჯერ არავინ არაფერი იცის. კონტრაქტი დეკემბერში მეწურება, თუმცა მაქვს გარკვეული ვარიანტები. ამ ეტაპზე მხოლოდ ირლანდიასთან და გიბრალტართან გასამართ მატჩებზე ვფიქრობ და ამ მომენტში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვრჩები თუ არა ნაკრებში,” – ვციტირებთ ვლადიმირ ვაისის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მონაწილეობით ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 17:00 საათზე აიღებს სტარტს.