გიორგი ქვილითაია: “გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ, ირლანდიასთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ვთვლი, რომ მენტალურად მზად ვართ ამ შეხვედრისთვის. ბოლო საშინაო მატჩში ღირსეული შედეგი მოვიპოვეთ და იმედი გვაქვს, რომ იგივეს გავიმეორებთ.
დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრების მხარდაჭერის და ვფიქრობ, რომ ხვალ, წლის ბოლო საშინაო შეხვედრაში, გვექნება ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ დავამარცხოთ უხერხული მეტოქე.
მართალია, რომ რთული პერიოდი მაქვს. ფეხბურთისთვის ძალიან რთულია, როდესაც სათამაშო დროს ვერ იღებ. მაგრამ “გენტის” მაისურით თასზე შევძელი თავის გამოჩენა და ყოველთვის ვცდილობ, რომ ბოლომდე გამოვიყენო შანსები. ნაკრებში თამაში ბრწყინვალე შესაძლებლობაა ჩემი შესაძლებლობების საჩვენებლად.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალიან ბევრს შრომობს და ვარჯიშობს (ინდივიდუალურად). პრესაში ბევრი რამ არასწორად ითარგმნება. მე მჯერა, რომ წლის ბოლომდე ის უკვე შეძლებს მოედანზე გასვლას,” – აცხადებს გიორგი ქვილითაია.