ვლადიმირ ვაისი: “საქართველოსთვის ერთი ქულის მოპოვება ცუდი არ არის”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ირლანდიასთან მატჩზე: “ფანებმა მაღალი დონის თამაში ნახეს. შევეცადეთ, რომ მოგვეგო. მატჩის ბოლოს სამი შემტევი შევცვალეთ, მაგრამ მოგება ადვილი არ იყო. შეინ დაფიმ ბრწყინვალედ ითამაშა. მოგება ვცადეთ, მაგრამ საჯარიმოში უფრო ხარისხიანად თამაში დაგვაკლდა. გუშინ ვთქვი, რომ გამარჯვებისათვის 120 პროცენტით დახარჯვა იყო საჭირო, შესაძლოა, დღეს 110 პროცენტით დავიხარჯეთ. საქართველოსათვის 1 ქულის მოპოვება ცუდი არ არის. ალბათ, შედეგით ირლანდიაც კმაყოფილია, რადგან მატჩის ბოლოს შევამჩნიეთ, რომ ისინი ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდნენ. თუ გამარჯვება გინდა, გოლები უნდა გაიტანო. ვერ ვიტყვი, რომ ქვილითაიამ, ჯანომ, ვაკომ და ოქრიაშვილმა ცუდად ითამაშეს, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში უფრო კონცენტრირებულად და აგრესიულად თამაშია საჭირო. კიტეიშვილი დღეს საუკეთესო იყო.”
ვაკო გვილიაზე: “გვილიას ტრავმა აქვს. მას კუნთზე პრობლემა ჰქონდა. გუშინ მან ვარჯიში ვერ ჩაამთავრა და სათამაშოდ მზად არ იყო.”
საბა ლობჟანიძეზე: “მოედანზე აბურჯანია, შენგელია და ლობჯანიძე შემოვიყვანე. საბა ძალიან სწრაფია, ჩვენ დღეს პირველ ნომრად ვითამაშეთ, ამიტომ თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, მისი შემოყვანა საჭიროდ არ ჩავთვალე.”
საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ მატჩს 15 ოქტომბერს გიბრალტარის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
ფოტო: gff.ge