საქართველოს ნაკრებმა შინ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა
12 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შედგა საქართველოსა და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველივე წუთებზე ორივე გუნდი სახიფათოდ დაემუქრა ერთურთის კარს – ჯერ ვაკო ყაზაიშვილს მიეცა საჯარიმოს შიგნიდან შედეგიანი დარტყმის განხორციელების შანსი, შემდეგ კი ჯონ იგანის თავური დარტყმა მოიგერია ძელმა.
საერთო ჯამში, მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. თუმცა ვლადიმირ ვაისის ბიჭების შეტევებს ირლანდიური დაცვის კედელი სათანადოდ ხვდებოდა, რაც ანგარიშზეც აისახა – 0:0 პირველი 45 წუთის შემდეგ.
მეორე ტაიმი ირლანდიელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთებში ქართველი გულშემატკივარიც გაანერვიულეს, თუმცა მასპინძლებმა მალევე შეძლეს თამაშის ძველ რიტმში დაბრუნება.
ტაიმის ბოლო წუთამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კვლავ აძლევდნენ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედს, თუმცა რენდოლფის კარი აუღებელი აღმოჩნდა. დანიის ნაკრების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ღირსეული თამაშით ირლანდიასაც დააკარგვინა ქულები.