მარკო ვერატი: “რობერტო კარლოსი არ ვარ, მაგრამ მეც კარგი დარტყმა მაქვს”
მარკო ვერატი პრესასთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის ფეხბურთის თამაშისთვისაა დაბადებული, თუმცა ამავდროულად აღიარებს, რომ უფრო მეტი გოლი უნდა გაჰქონდეს.
“ვფიქრობ, რომ ზოგი ადამიანი უბრალოდ იბადება ფეხბურთის სათამაშოდ და მეც ასე ვარ. ფეხები თავისით იწყებენ რაღაცების კეთებას. შეიძლება იფიქროთ, რომ გიჟი ვარ, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ ვერც ვაანალიზებ რას ვაკეთებ ბურთთან ერთად.
მირჩევნია ბურთი დავკარგო, ვიდრე უბრალოდ, უმისამართოდ მოვიგერიო მოედნის ცენტრში. უბრალოდ ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს, არ შემიძლია ამის გაკეთება და ვერც მომავალში შევძლებ.
ის ფაქტი, რომ დაბალი ვარ, ძალიან გამოსადეგიც არის. ეს ხელს მიწყობს სწრაფად შემოტრიალებასა და ბურთის დაცვაში. თუმცა მე ყოველთვის ვცდილობ მცველების უკან სიცარიელის პოვნას, სადაც პასის გაკეთებას შევძლებ.
რობერტო კარლოსი არ ვარ, მაგრამ მეც კარგი დარტყმა მაქვს. თუმცა ვთვლი, რომ მეტი უნდა გამქონდეს. ზოგჯერ უბრალოვ ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანია და დარტყმას თანაგუნდელისთვის პასის გაკეთებას ვამჯობინებ,” – აცხადებს იტალიელი ნახევარმცველი.