რატომ თქვა “ლივერპულმა” უარი ყატარში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებაზე?
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულმა” ყატარში გასამართი ფიფას მსოფლიო საკლუბო თასის მიმდინარეობისას ერთ-ერთ მდიდრულ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებაზე უარი იმავე სასტუმროში მომუშავეთა უფლებების დარღვევის გამო თქვა.
მერსესაიდელები სასტუმრო Marsa Malaz Kempinski-ში უნდა დაბინავებულიყვნენ, მაგრამ კლუბმა უარი საინტერესო მიზეზის გამო თქვა.
2018 წელს, Guardian-მა დაადგინა, რომ Marsa Malaz Kempinski-ში მომუშავეთა ნაწილს მიგრანტები შეადგენენ და კომპანია მათ შრომის კანონით განსაზღვრულ ხელფასზე ნაკლებს უხდის. დაცვის თანამშრომლები დღეში 12 საათს მუშაობენ, ეს მაშინ, როცა ტემპერატურა 45 გრადუსს უტოლდება. მათ ყოველდღიურად 10 დოლარს (დაახლოებით 8 ფუნტს) უხდიან.
როგორც ირკვევა, “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ საკუთარი გადაწყვეტილება ფიფასა ყატარის მაღალჩინოსნებს აცნობა, რის შემდეგაც ახალი სასტუმროს შერჩევის პროცესი დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ფიფას მსოფლიოს საკლუბო თასი 11 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება.