კარლო ანჩელოტი “სალსბურგთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა
5 ნოემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე “სალსბურგს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი დაგეგმილ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა.
“ნაპოლი” სერია A-ს მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს. ნეაპოლელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
იტალიური მედიის ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა “რომასთან” მარცხის (1:2) შემდეგ გუნდის ბაზაზე “გამოკეტვის” გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ანჩელოტიც და ფეხბურთელებიც უკმაყოფილოები დარჩნენ და დიდი ალბათობით, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რის გამოც 60 წლის მწვრთნელი პრესკონფერენციაზე არ მივიდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ნაპოლის” მოთამაშეები 9 ნოემბერს “ჯენოასთან” გასამართ მატჩამდე ვარჯიშს არ აპირებენ.
დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უეფა მომხდარის გამო “ნაპოლის” დააჯარიმებს, რადგან მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის ჩატარება აუცილებელია.