გოჩა სვანიძე: “პირდაპირ გეტყვით, მილტონ ჰეიგს შეეშინდა”
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ 2019 წლის მსოფლიო თასი შეაფასა და მილტონ ჰეიგის შესახებ ისაუბრა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა ტაიმაუტში ინტერვიუ ნაკრების წარუმატებელი თამაშის მიზეზებზე საუბრით დაიწყო.
“შინაგანად არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ ორი მატჩი მოგვეგო და გაგვემეორებინა იგივე შედეგი. ველოდები მწვრთნელების ანგარიშს, რომელიც ჯერ არ მოგსვლია. ალბათ, მალე იქნება და ამას შემდეგ გავუკეთებთ ანალიზს. ძალიან ბევრმა ფაქტორმა იმუშავა ერთად. არ მინდა, კონკრეტული ადრესატები დავასახელო. ალბათ, იყო გარკვეული შეცდომები მწვრთნელების მხრიდან ტაქტიკაში, ვერც მსაჯობაზე ვიტყვი, რომ მაინცდამაინც კარგი იყო.
გულშემატკივრებს ჰქონდათ ხმაურიანი გამარჯვებებები მოლოდინი და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. პირადად მე, ნაკრებს ვესაუბრე და მათ მიზნად დავუსახე, რომ თამაშის ხარისხი ყოფილიყო გაცილებით უკეთესი, ვიდრე წინა მსოფლიო თასზე გვქოდა. მე მათ ვუთხარი: “შედეგზე ნუ იფიქრებთ, მთავარია ხარისხი და შედეგი თავისით მოვა”. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ამ ნაწილშიც არ იყო გამართლება, თამაშის ხარისხიც არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდით.
მთავარი მწვრთნელის შეცვლა მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი ავანტიურისათვის განწირული გყავს. აბსოლუტურად ვეთანხმები ყველა გულშემატკივარს – შარშან გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები გადაზრდილია მილტონ ჰეიგისათვის. ის, რომ მსოფლიო თასამდე ამხელა ციკლი გამოიარო და ბოლო წელს მწვრთნელი შეცვალო, ეს არის აშკარად საგანგაშო მდგომარეობა.
ძალიან კრიტიკულ რამეს ვიტყვი და ალბათ, ბევრი გულშემატკივარი, მაგრამ უფრო მეტად ვაიგულშემატკივარი ამას სხვანაირად მომიტრიალებს. ჩვენ კი არ უნდა შევეგუოთ, არამედ უნდა ვისწავლოთ წაგება. წაგებებიდან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა მოგებებისათვის. ჩვენ უნდა გავხსნათ თამაში და ვითამაშოთ აგრესიული, შემტევი რაგბი. ეს არის ქართული რაგბი და არა 80 წუთი დაცვაში ყოფნა და ნარცისული ტკბობა იმისი, თუ რამდენი ბოჭვა გავაკეთეთ. მილტონ ჰეიგს შეეშინდა ამის, პირდაპირ გეტყვით. მიუხედავად იმისა, რომ ადრე მას ამის შიში არ ჰქონდა, ბოლო მომენტში მაინც შეეშინდა. ის თავისი წარმატების ტყვე გახდა და სწორედ ეს გახლდათ ამ ჩემპიონატის ყველაზე დრამატული მომენტი”, – განაცხადა სვანიძემ.