რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან არ ითამაშებს
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მონტენეგროსთან გასამართ მატჩში რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრების განაცხადში აღარ იქნება. თავდაპირველად, გარეთ საუთგეიტმა ის ნაკრებში გამოიძახა, მაგრამ ის გუნდში მშვიდი სიტუაციის დარღვევის გამო დასაჯეს.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტი” 3:1 დაამარცხა. შეხვედრის ბოლო წუთებში სტერლინგი ინგლისის ნაკრებში თანაგუნდელ ჯო გომესს დაუპირისპირდა და მათ შელაპარაკება მოუვიდათ. ბრიტანული მედიის ცნობით, როცა ეს ორი მოთამაშე ნაკრებში გამოცხადდა, ისინი ერთმანეთს სიტყვიერად ბაზაზეც დაუპირისპირდნენ.
“სამწუხაროდ, მატჩიდან გამოყოლილი ემოციები ჯერაც არ ჩამცხრალა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ საკლუბო დონეზე დაპირისპირებები ეროვნულ ნაკრებში არ იყოს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაჰიმი ხუთშაბათს მონტენეგროსთან არ ვათამაშოთ. მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა საუთგეიტმა.
ინგლისის ნაკრები 14 ნოემბერს მონტენეგროს, ხოლო სამი დღის შემდეგ კოსოვოს შეხვდება.